"EU ყველაფერს აკეთებს, რომ სუდანში მყოფი ევროპელების უსაფრთხოება დაცული იყოს" | ევროკომისიის პრესსპიკერი

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის პრესსპიკერმა, ნაბილა მასრალიმ დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სუდანში მყოფი ევროპელი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს. მისივე თქმით, ამჟამად სუდანში, სავარაუდოდ EU-ს რამდენიმე ასეული მოქალაქე რჩება.

ევროკავშირი დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.

"ევროკავშირის გზავნილი უკიდურესად მკაფიოა. ძალადობა უნდა შეწყდეს, უნდა მოხდეს არსებული სიტუაციის განმუხტვა. ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი დაცული იყოს და მოქალაქეები, მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს უსაფრთხოდ. ყოველდღიური ჰუმანიტარული პაუზა აუცილებელია სუდანელი და უცხო ქვეყნების მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის და ჩვენ ვაბრუნებთ პოლიტიკურ პროცესს საჭირო კალაპოტში. ყველა ძალისხმევა მისასალმებელია, რომელიც მიმართულია დიალოგისა და შუამავლობის გზების მოძიებისკენ. ცხადია, ჩვენ მოვუწოდებთ გარე ძალებს, თავი შეიკავონ ჩარევისგან", - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ სუდანში, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის შეტაკებები გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, საომარ მოქმედებებს 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 600-ზე მეტი, რომელთა შორის ქართველებიც არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი