
"სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International ავრცელებს და რუსი ოპოზიციონერისთვის, ვლადიმერ კარა-მურზასთვის 25-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმაურება.
ორგანიზაცია კარა-მურზას სინდისის პატიმარად მიიჩნევს, რადგან, მათი თქმით, ის "პოლიტიკური რწმენისთვის" გაასამართლეს. ისინი მიიჩნევენ, რომ კარა-მურზა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.
განცხადება გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმაც გაავრცელა და სადაც კრემლს კარა-მუზას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი 2022 წლის 11 აპრილს დაიჭირეს.
უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ ის „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს და ბრალად დასდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება.
კარა-მურზა ბრიტანეთის და რუსეთის მოქალაქეა. ის იყო ოპოზიციის ლიდერ ბორის ნემცოვის უახლოესი თანაშემწე, რომელიც 2015 წელს, მოსკოვის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.