20 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება და ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
ოპოზიციური სპექტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და წერს, რომ რურუას გათავისუფლება, ასევე პოლიტიკურად მოტივრებული საქმეების დაუშვებლობა 8 მარტი შეთანხმების საკვანძო ნაწილია:
ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ აქვს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები შესრულებული. გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია.
გიორგი რურუას საქმე მხოლოდ ამ ადამიანის პერსონალურ ბედს არ ეხება, მიუხედავად იმისა რომ ნებისმიერი ერთი ადამიანის პოლიტიკური დაკვეთით დაპატიმრება უკვე სერიოზული პრობლემაა. ყალბი მტკიცებულებებით რურუას საპატიმროში დატოვება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ კლიმატს განსაზღვრავს. გიორგი რურუას გათავისუფლება ქვეყნისთვის რთული საარჩევნო კამპანიის ნაკლები რისკით გავლის შესაძლებლობას ქმნის. ასე ხედავს ამას როგორც საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.
სამართლიანი, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის შექმნა საქართველოს უახლესო ისტორიის მთავარი გამოწვევაა. დემოკრატიული ოპოზიციის მიზანი, ივანიშვილის არჩევნებში მშვიდობიანად დამარცხების შემდეგ, სწორედ ასეთი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა იქნება,“ - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: „ევროპული საქართველო“ „ლეიბორისტული პარტია“, „გამარჯვებული საქართველო“, „ევროპული დემოკრატები“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“, „ემსახურე საქართველოს“, „რესპუბლიკური პარტია“, „კანონი და სამართალი“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, „ახალი საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“, „სამართლიანობისთვის“, „ქრისტიან კონსერვატიული პარტია“, „საქართველო ლიდერებს შორის“, „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“.
გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან უკვე მოჰყვა მწვავე შეფასებები. დასავლელი პარტნიორები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.