
ხულოს მერის კაბინეტში მომხდარი ხელჩართული ჩხუბის მონაწილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძე დაპირისპირებას უარყოფს და ამბობს, რომ დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო.
"წავიქეცი და დავზიანდი. არავითარი დაპირისპირება არ გვქონია"- ამბობს "მთავართან" სატელეფონო კომენტარში აბაშიძე.
ის დღეს ტელეკამერებთან არ გამოჩენილა. აბაშიძის მეუღლის ინფორმაციით, მისი ქმარი ყურბან ბაირამის დღესასწაულის აღსანიშნავად, მთაშია წასული.
რაც შეეხება მომხდარს. დაპირისპირება ზემო აჭარაში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ანზორ ბოლქვაძის მხარდამჭერებსა და თამაზ აბაშიძეს შორის მოხდა. არსებული ინფორმაციით, თამაზ აბაშიძეს დაზიანებები თავში აქვს მიყენებული და საავადმყოფოში იმყოფება. ფაქტს ადასტურებს ექიმიც, რომელიც ამბობს, რომ აბაშიძეს სახეზე ნაკერები დაადეს.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოცნების შიდა გარჩევა და ჩხუბი - 2020 წლის არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად ანზორ ბოლქვაძის დასახელებას უკავშირდება. ინციდენტი კი გოდერძის უღელტეხილზე დაიწყო.
ანზორ ბოლქვაძე კი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ საქმის კურსი არ არის, რადგან ადგილზე არ იმყოფებოდა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე