
დაპირისპირება ხულოში - ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ "ქართული ოცნების" მიერ ხულოს, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებული ანზორ ბოლქვაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძე.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ხულოს მერის კაბინეტში მოხდა. ჩხუბი კი, მოახლოებულ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად ანზორ ბოლქვაძის დასახელებას მოჰყვა.
როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ჯორბენაძე გვიყვება, აბაშიძესა და ბოლქვაძეს შორის დაპირისპირება, დღეს, ალპური ბოტანიკური ბაღის გახსნაზე დაიწყო. ღონისძებას კი აჭარის მთავრობის თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა - ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ხულოს მერს დაპირისპირებული მხარეების "შერიგება" სწორედ რიჟვაძემ დაავალა.
ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა. სუფრაც იყო იქ და თორნიკე რიჟვაძეც ესწრებოდა ღონისძიებას. ინციდენტი სწორედ იქ დაიწყო. რიჟვაძემ ხულოს მერს დაავალა სიტუაციის მოგვარება. მერმა ისინი თავის კაბინეტში მიიყვანა. ჩემი წყაროს ინფორმაციით, რომელიც "ქართული ოცნებიდანაა" და რომელსაც ვერ დავასახელებ, სწორედ კაბინეტში მოხდა შელაპარაკება რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და ორივე დაშავდა, - ამბობს ჯორბენაძე.
მისივე ინფორმაციით, თამაზ აბაშიძე მძიმედაა ნაცემი, ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული და ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.
ანზორ ბოლქვაძე კი საცხოვრებელ სახლშია, მისი ჯანმრთელობის მდგომრეობა ჯერჯერობით უცნობია - "მთავარმა" მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ანზორ ბოლქვაძე "ქართულმა ოცნებამ" ხულოს, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის მაჟორიტარი დეპუტატი მეოთხედ გახდება.
ცნობისთვის, თავდაპირველად ანზორ ბოლქვაძე პარლამენტში 2008 წელს "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით, მაჟორიტარული წესით მოხვდა. უკვე 2012 წელს კი, მას შემდეგ რაც ენმ არჩევნებში დამარცხდა, ის "ოცნების" რიგებს შეუერთდა. 2016 წელს ხულოს, შუახევისა და ქედის საარჩევნო ოლქები ისევ "ოცნების" სახელით მოიგო და 2020 წლის არჩევნებში მოსაგებადაც "ოცნების" სახელით იბრძვის.