"მკვლელებს მფარველი ჰყავთ" - თელავის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოკლული იაგანაშვილის ოჯახი ასაჩივრებს

გამოქვეყნდა:

ლევან იაგანაშვილის მკვლელობის საქმეზე ოჯახს კითხვები აქვს - საუბარია შარშან, 13 აგვისტოს მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელიც მკვლელობით დასრულდა. ოჯახი ამბობს, რომ საქმეში სამი პირი ფიგურირებს, თუმცა დაკავებული მხოლოდ ერთია. მათივე განცხადებით, გამოძიება თავიდანვე არა ჯგუფურად მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მოკლულის შვილები ამბობენ, რომ მოულოდნელად თელავის რაიონულმა სასამართლომ მუხლი გადააკვალიფიცირა და მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მალხაზ ჩივიაშვილს 6 წელი მიუსაჯა.

ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

"თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მამაჩემის, ლევან იაგანაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, თავდაპირველად გამოძიება დაიწყო 108-ე მუხლით, რაც გულისხმობდა განზრახ მკვლელობას. თელავის რაიონულმა სასამართლომ 117-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა მკვლელს, რომელმაც მამაჩემს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სამართალდამცავებმა დროულად გამოიძიონ საქმე და პასუხისგებაში მისცენ ის დანარჩენი 2 ადამიანიც, რომლებმაც მამაჩემის მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა", - თქვა გიორგი იაგანაშვილმა.

შვილი ამბობს, რომ სამივე პირი გააზრებულად წავიდა იმ ადგილზე, სადაც ლევან იაგანაშვილი იმყოფებოდა და გააზრებულად მიაყენეს მას ჭრილობები.

"ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ, არ ვეთანხმებით მოსამართლის გადაწყვეტილებას, ჩვენი მოსაზრებით, ეს პროცესი წარიმართა გაყალბებებით, რადგან მკვლელებს ჰყავთ მფარველები", - ამბობს მოკლულის შვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი