აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ცდილობდნენ, რომ უშუალოდ კანცელარიის შესასვლელთან მისულიყვნენ და იქ დამსხდარიყვნენ, მაგრამ სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.
ადგილზე ათობით პოლიციელია მობილიზებული.
"თუ არ შეგვხვდება პრემიერი ჩვენ, ვერ შეხვდება ვერავის. ვერცერთი აქ მომუშავე თანამშრომელი. ჩვენ ეს სახელმწიფო ვერ გვხედავს. ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ შვილის სიკვდილს თვალებში",- ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
კიდევ ერთი მშობელის თქმით, დედები განადგურებულები არიან, მაგრამ გაასმაგებული ენერგიით იბრძვიან, რომ ბავშვებმა წამალი მიიღონ.
აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების პროტესტს შეუერთდნენ მოქალაქეები, პოლიტიკოსები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. აქციას მშობლები შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ადმინისტრაციის შენობასთან ორი ღამე გაათენეს, თუმცა შედეგი ისევ არ აქვთ. თვეებია მშობლები ქვეყანაში კონკრეტული წამლის შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. მშობლების მოთხოვნაა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა, რომელიც მათი თქმით, გადაწყვეტილების მიღებაში მთავარ როლს თამაშობს.
გუშინ მშობლებს პრემიერის ნაცვლად, ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა. ზურაბ აზარაშვილი იმეორებს, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მოთხოვნილი წამლით მკურნალობა, ამ ეტაპზე, არ ფინანსდება.