საქართველოს ხელისუფლებების მოქმედებებსა და "ოცნების" რეაქციებზე აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი საუბრობს. დეგნანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სახდეპის მიერ სანქცირებული მოსამართლეების თემას და საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.
ამერიკელი დიპლომატისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება ბრალდებებზე, რადგან მისივე თქმით, საქართველო იმსახურებს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას.
"არ აქვს მნიშვნელობა, ქართულ ენაში რომელ სიტყვას გამოვიყენებთ – აშშ-ის კანონმდებლობით შედეგი ერთია: ამ ოთხ პირს არ აქვს უფლება, აშშ-ში შევიდნენ კორუფციულ აქტებში მონაწილეობის გამო. ამ პროცესს მოითხოვს აშშ-ის კანონმდებლობა.
რას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, ამას ადგენს საქართველოს ხელისუფლება. პარლამენტს აქვს ინსტრუმენტი ამ ბრალდებების, კორუფციის გამოსაძიებლად. ინფორმაციის დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია საჯაროდ, ბრალდებების საფუძველი უკვე წლებია ფართოდაა ცნობილი.
ვფიქრობ, უკეთესი კითხვაა, რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო იმსახურებს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ათწლეულებია ამაზე მუშაობთ – ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნაზე, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის. ესაა შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა: საქართველომ აჩვენოს კორუფციასთან ბრძოლისადმი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნისადმი ერთგულება. ამას იმსახურებთ" - ამბობს დეგნანი "ბათუმელებთან" ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამჯერ არ გაიარა რეგისტრაცია და კვორუმი ჩააგდო, იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე არ გასულიყო.