"ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, მალხაზ პაქსაშვილი დააკავეს 

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა.

"კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

2013-2015 წლებში იგი ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.

დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. „ნაიბის“ პოზიციას იკავებდა",- ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი