საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში სასწრაფო დახმარების სამსახური იყო მობილიზებული. რუსი ოკუპანტების მიერ სასტიკად ნაცემი 50 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა, კრიტიკულად მძიმედ ფასდება. ოკუპანტებმა ის იარაღის კონდახით სცემეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კაცი საავადმყოფოში გადაიყვანა.
შეიარაღებული ოკუპანტების თავდასხმას იხსენებს ნაცემი კაცის მეუღლე, რომელიც მომხდარის დროს ადგილზე იმყოფებოდა.
"როდესაც საქონელს ვაძოვებდით, ორი ოკუპანტი დაგვესახა თავს და მცდელობა ჰქონდათ ჩვენი გატაცების, მაგრამ ჩვენ გამოვიქეცით, დიდი მანძილი ვირბინეთ, ჩემი მეუღლე წააქციეს, ცდილობდნენ გაეკოჭათ, ფეხებთან ორჯერ დაგვახალეს. ხალხმა გაიგო ხმა და გამოვიდნენ, მაგრამ ახლოს ვერავინ მოვიდა, ამასობაში ჩვენი პოლიცია გამოჩნდა და მათ დანახვაზე გაიქცნენ.
ჩემს მეუღლეს კონდახი აქვს ჩარტყმული, წარბი აქვს გახეთქილი, თავი აწუხებს" ამბობს ქალი.
მისივე განცხადებით, ორი შეიარაღებული ოკუპანტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მათ გამოეკიდნენ.
ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას და სოფელში 24 საათიან პატრულირებას ითხოვს. სუს-მა სოფელ ჭვრინისთან, საქართველოს მოქალაქეების გატაცების მცდელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ, მას შემდეგ გაავრცელა, რაც "მთავარი არხი" დაუკავშირდა და წყაროს მიერ მიღებული ინფორმაციის გადამოწმება სცადა.
იხილეთ: