სუდანში მყოფი საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია ჯერ ისევ ვერ ხერხდება. ქართველები დედაქალ ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, სადაც ამ ეტაპზე პირდაპირი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო და ავიაკომპანიები მუშაობენ, რომ მათი ევაკუაცია მოხერხდეს.
"ჩვენი ყველა თანამშრომელი, კომპანია "ჯეო სქიას" და "მაი ვეის", მათი გადაყვანა მოხერხდა ქალაქის ცენტრიდან ქალაქგარეთ, სადაც აბსოლუტურად უსაფრთხო სიტუაციაა, ისინი განთავსდნენ მაღაზიებიც ღიაა, ხალხი გარეთ მოძრაობს, დენი არის, წყალი არის, კვება არის, ეს იყო პრიორიტეტი პირველ რიგში, ისედაც უსაფრთხოდ იყვნენ, მაგრამ კიდევ უფრო უსაფრთხოდ გაგვეყვანა ჩვენი თანამშრომლები. და უკვე დავიწყებთ შემდეგ ეტაპზე ფიქრს როგორ დავატოვებინოთ ქვეყანა და როგორ დავაბრუნოთ საქართველოში", - თქვა "ჯეო სქაის" გენერალურმა დირექტორმა, შალვა კიკნაძემ.
სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა, 3 551 კი დაშავდა.