მნიშვნელოვანია, პროცესი დაუბრუნდეს კონსტრუქციულ სამუშაო რეჟიმს - გაბუნია მშობლების პროტესტზე

გამოქვეყნდა:

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან კიდევ ერთი ღამე გაათენეს. ისინი პროტესტს აგრძელებენ და იმედოვნებენ, რომ დღეს მაინც მიიღებენ კონკრეტულ პასუხს, რადგან ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომაა ჩანიშნული. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პროცესი დაუბრუნდეს კონსტრუქციულ სამუშაო რეჟიმს. მან კომენტარი გააკეთა იმ ექიმებთან დაკავშირებითაც, რომლებიც გუშინ სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ:

"ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროცესი დაუბრუნდეს კონსტრუქციულ სამუშაო რეჟიმს და ამით მოვახერხებთ მაქსიმალურად სწრაფად გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რაც ბავშვებს მრავლობითი მიმართულებით შეიძლება ჰქონდეთ. ჯანდაცვის სამინისტრო არის მზად გამოყოს შესაფერისი დაფინანსება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთში მკურნალობისთვის, ეს შეეხება რეაბილიტაციის სერვისს, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სოციალური ხელშეწყობის ნაწილს და ასევე ნებისმიერ სხვა პრობლემას, რაც ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ. 

სოლიდარობა ექიმების მხრიდან ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ექიმების მხრიდან, უფრო გასაგები იქნება, თუ ისინი შემოუერთდებიან კონსტრუქციულ სამუშაო პროცესს, რომელიც მიმართულია ერთიანი პროტოკოლის, ასევე ყველა იმ ობიექტური საფუძვლის მოკვლევისთვის, რაც ჩვენ გვჭირდება, რომ სწრაფად დავიწყოთ ქვეყანაში მედიკამენტის გამოყენება", - თქვა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, აქონდროპლაზიის სამკურნალო წამალი "ექსპერიმენტულ" ეტაპზეა და მისი შეძენის რეკომენდაცია არ აქვთ. 

აქონდროპლაზია გენეტიკური დაავადებაა, როცა ბავშვის სხეული ასიმეტრიულად ვითარდება და ის დაახლოებით 25 ათასიდან ერთ შემთხვევაში ვლინდება. წამალი, რომელიც ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს საქართველოში არ შემოდის. მშობლები ამბობენ, რომ რომც შემოდიოდეს, დახმარების გარეშე, პირადი სახსრებით ვერ შეძლებენ მის შეძენას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი