საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფოს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის საჭირო წამლის დაფინანსებაზე უარი არ უთქვამს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, მედიკამენტს ქვეყანაში მას შემდეგ შემოიტანენ, რაც მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს.
"ჩვენ უარს არ გეუბნებით ჩემო ძვირფასო მოქალაქენო. თანხაზე არ არის საუბარი, ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 10 მილიონზე და ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, თუ ამ წამლის მიცემით შეიძლება ისე გართულდეს ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ უფრო ცუდად წავიდეს მათი ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება ჩვენი ანუ მთავრობის, ამიტომ საჭიროა ცოტა მოცდა, დრო გჭირდება. სამინისტრო მზადაა ერთად გავიაროთ ეს პროცესი, დაველოდოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო დასკვნებს, მათ მითითებებს და ამის შემდეგ მოხდება ამ პროგრამის ამოქმედება", - თქვა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, უკვე 6 დღეა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიასთან ღამეს ათევენ. ისინი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ წამალი ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებული არაა. 6 დღეა მშობლებს პრემიერმინისტრთან შეხვედრაც სურთ, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციიდან მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირება. იხილეთ: