
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით
გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ხაბეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს "ბერას ნამდვილ სათამაშოს" უწოდებს და წერს, რომ ცინიკური და შეურაცხმყოფელია მისი განცხადებები აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისა და მშობლების მიმართ.
"ცინიკური, შეურაცხმყოფელი და რუსი ოლიგარქის, ბერას ნამდვილი სათამაშოს, განცხადება მოისმინა საზოგადოებამ, აქონდროპლაზით დაავადებული ბავშვების და მშობლების მიმართ.
"100 მილიონამდე ლარის საწვავს ისხამენ ბიუჯეტის ხარჯზე წელიწადში, 20-30 მილიონ ლარს პიარში ხარჯავენ, 5 მილიონამდე ლარს სარესტორნო მომსახურებაში, ავეჯში, საკუთარი ფუფუნებისთვის დამატებით 10-ობით მილიონი ლარი აქვთ გამოყოფილი და ბავშვებისთვის მედიკამენტი ენანებათ.
ბერას სათამაშო, წლის ბოლოს მოგვიყვება, რომ პენსიონერმა მშობლებმა ასიათასობით ლარი აჩუქეს, თავად, მეუღლეს ხალხის საკუთრებაში არსებული ტყე გადასცა, 400 000 ლარის ღირებულების ორი ავტომობილი ჰყავს და ცხოვრობს განცხრომაში...
ასეთი სამარცხვინო, უთავმოყვარეო და კორუმპირებული, მისი ზოოპარკის წარმომადგენელი, მოგვივლინა რუსმა ოლიგარქმა...ურთულეს და უთანასწორო ბრძოლაში ვართ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ გავიმარჯვებთ ერთობითა და კონცენტრაციით საერთო მტერზე - რუსულ მთავრობაზე," - წერს ლევან ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკვე ექვსი დღეა რაც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ მთავრობის ადმინისტრაციასთან. ისინი პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა ამ დრომდე მათ არც ღარიბაშვილი და არც მისი რომელიმე წარმომადგენელი შეხვედრია.
შეხვედრის ნაცვლად, ღარიბაშვილმა აქციის მონაწილეებზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და მათ მოუწოდა, რომ "ნუ გამოაყენებინებენ თავს პოლიტიკოსებს, ნუ მიიღებენ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას".