"მთავარ არხთან" მესამე პრეზიდენტის ნევროლოგი, თამარ აბაშიძე ამბობს, რომ არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, გონების კარგვა მოსალოდნელია, რომ კიდევ განმეორდება. აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის დედის მიერ შაბათს გავრცელებულ ინფორმაციაზე ამბობს, რომ "შესაძლოა, რომ ყოფილიყო გონების კარგვა ხანმოკლე, იმიტომ, რომ მისი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია".
საპასუხოდ "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ აბაშიძემ გონების კარგვა გადმოცემით დაადასტურა, რადგან შემთხვევის დროს პალატაში კლინიკის არცერთი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა.
"თამარ აბაშიძემ დაადასტურა, რომ გადმოცემით იყო გონების კარგვა, მაგრამ როდესაც ექიმი შევიდა ადამიანი იყო კონტაქტური და ადეკვატური, ქალბატონი გიულის გადმოცემით, ვინც იმ მომენტში იყო იქ, სხვა არავინ არ ყოფილა, 2 წუთში შევიდა მორიგე ექიმი, როდესაც პაციენტი უკვე იყო კონტაქტური და ნათელი გონებით", - ამბობს ჩხაიძე.
გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნახევარი საათის განმავლობაში გონება ორჯერ დაკარგა. მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ მეორე შემთხვევის დროს პალატაში ექთანი და საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლებიც იყვნენ.
"პირველ შემთხვევაში მე და ჩემი შვილი ვიყავით. ზურგზე დაეცა თავით, მთლიანად სიგრძეზე, იყო აბსოლუტურად შავი ფერის ადამიანი, მაშინვე შემოვიდნენ ბადრაგები და ექთანი, აიყვანეს ამ ბიჭებმა და დააწვინეს გასაშლელ სავარძელზე, რომელზეც იჯდა მანამდე. დრო დაგვჭირდა, რომ მოგვესულიერებინა. რომ მოვიდა გონზე, მე მიყურებდა და მკითხა რა დამემართაო. ჩხაიძე იქ არ დასწრებია ამას ყველაფერს და არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს მიწოდებული, მე ვარ ცოცხალი მოწმე ამის", - თქვა ალასანიამ.
იხილეთ: