
პოლონეთში, Leopard 2-ის ტიპის ტანკების ტექნიკური ცენტრი ფუნქციონირებას მიმდინარე წლის მაისში დაიწყებს. ტანკები Bumar Labedy SA-ს ქარხანაში შეკეთდება.
ცნობისთვის, კომპანია Leopard 2A4 ტანკების მომსახურებას და შეკეთებას 20 წელია ემსახურება.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, Leopard 2-ის ტიპის ტანკების ბაზის შექმნა გლივიცეში ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ბლაშჩაკის განცხადებითვე, პოლონეთში Leopard 2-ის მთავარი საბრძოლო ტანკების ტექნიკური და სარემონტო ცენტრის შექმნის შეთანხმებას, გასულ პარასკევს, მან, მისმა უკრაინელმა და გერმანელმა კოლეგებმა რამშტეინში, გერმანიაში მოაწერეს ხელი.
შეგახსენებთ, 23 აპრილს ესპანეთმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 6 ტანკი გაუგზავნა და კიდევ 4 ლეოპარდ 2-ს შეკეთების შემდეგ რაც შეიძლება მალე მიაწვდის კიევს. ამასთან, დანია და ნიდერლანდები უკრაინას 14 ტანკს გადასცემს. ტანკების მიწოდება სავარაუდოდ, 2024 წლის დასაწყისში მოხდება.