დიდ დიღომში, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 12 წლის ანა იანუშაიტიტეს ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, მოზარდს სხეულზე 40-მდე დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, ხოლო სიკვდილის მიზეზად მექანიკური ასფიქსია ფიქსირდება, თუმცა ახლა დასადგენია, რა გარემოებებში მიიღო მოზარდმა ეს დაზიანებები
"დასკვნაში ასახული არის მრავლობითი დაზიანებები, 40-მდე სხვადასხვა სიმძიმის და სხვადასხვა ზომის, რაც დეტალურად არის აღწერილი. სიკვდილის მიზეზად, მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირებული არის მექანიკური ასფიქსია, ამ ექსპერტიზის დასკვნით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მას წინ უძღოდა არასრულწლოვანის გარკვეულ გარემოებებში დაზიანებების მიღება და ეს გარემოებები უნდა დადგინდეს, თუ რა გარემოებებში მოხდა 40-მდე დაზიანების მიყენება არასრულწლოვანის სხეულზე. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ამ ეტაპზე მიუთითებს მხოლოდ ბლაგვი საგნის ზემოქმედებაზე " - ამბობს ადვოკატი ელისო რუხაძე
შეგახსენებთ, რომ ანა იანუშაიტიტე 16 მარტს ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე 12 წლის გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე ის არაერთმა მეზობელმა ნახა. მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს დაახლოებით 2 საათზე გოგონა დაღუპული იპოვეს.
დღეს ცნობილი გახდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 12 წლის ანა სხეულზე 39 დაზიანება აქვს, აღენიშნება სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები.
ოჯახი და ადვოკატები სიმართლის დასადგენად და დამნაშავის გამოსავლენად ახლა კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას და საქმეში საერთაშორისო და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ.
ამავე თემაზე: