უკრაინამ მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გამო, პოლონეთისა და EU-ს საელჩოებს საპროტესტო ნოტა გადასცა

გამოქვეყნდა:

28 აპრილს უკრაინაში პოლონეთისა და ევროკავშირის საელჩოებს მარცვლეულის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან საპროტესტო ნოტა გადაეცათ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო წერს.

ნიკოლენკოს განმარტებით, მსგავსი შეზღუდვები, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის გამოწვეული, არ შეესაბამება უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პრინციპებსა და ნორმებს.

"არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის დაუყოვნებლივ აღდგენისთვის პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში, ისევე როგორც უწყვეტი ექსპორტის გაგრძელების ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა პარტნიორებს გამონახონ პრობლემის დაბალანსებული გადაწყვეტის გზები ევროკავშირის კანონმდებლობის, ასოცირების შეთანხმების საფუძველზე და სოლიდარობის სულისკვეთებით.

ეს ერთადერთი გზაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის ერთობლივი წარმატებით წინააღმდეგობის გაწევისთვის და ევროკავშირის ერთიანი ბაზრის გასაძლიერებლად, რომლის მონაწილეც უკრაინა გახდება", - დაწერა ნიკოლენკომ.

შეგახსენებთ, უკრაინის მეზობელმა ევროკავშირის წევრმა ხუთმა ქვეყანამ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი გასულ კვირას აკრძალა.  

ტრანზიტი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის შეჭრის გამო პროდუქტების ზღვის საშუალებით მიწოდება შეიზღუდა. ადგილობრივი ფერმერების პროდუქტს უკრაინული იაფი და დიდი რაოდენობის ხორბლის სახით კონკურენტი გამოუჩნდა და საკუთარ პროდუქტზე ფასის დაწევა მოუწიათ.

ევროკომისიაში 28 აპრილს განაცხადეს, რომ პოლონეთთან, უნგრეთთან, რუმინეთთან, სლოვაკეთსა და ბულგარეთთან მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი