
ევროკომისიამ უკრაინის მეზობელ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან: პოლონეთთან, უნგრეთთან, რუმინეთთან, სლოვაკეთსა და ბულგარეთთან მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.
ამის შესახებ ევროპული კომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა Twitter-ზე განაცხადა. მისი განმარტებით, ევროკომისიამ "პრინციპულ შეთანხმებას" მიაღწია.
შეთანხმების თანახმად, 4 პროდუქტის: ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირას მიმართ მიღებული იქნება "განსაკუთრებული დაცვის ზომები". ვიცეპრეზიდენტს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. გარდა ამისა, პოლონელი, უნგრელი, სლოვაკი, ბულგარელი და რუმინელი ფერმერებისთვის, რომელთაც უკრაინული მარცვლეულის შემოდინების შედეგად ზარალი მიადგათ, გამოიყოფა 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება.
შეთანხმებას გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი და თქვა, რომ ის ამ შედეგს მიესალმება.