კანცელარიასთან შეკრებილმა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა პრემიერმინისტრს მიმართეს და კიდევ ერთხელ მოუწოდეს შეხვდეს მათ. დედები უკვე მეორე კვირაა შენობასთან ღამეს ათევენ. ისინი ამბობენ, რომ დაშლას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ქვეყანაში აქონდროპლაზიის სამკურნალო წამალი არ შემოვა და დაფინანსდება.
"29 დეკემბრის შემდეგ თამარ გაბუნიასგან მესმის ეს სიტყვები, რომ სჭირდება დრო, მოლაპარაკებები, ფინანსები. კი ბატონო, პროტოკოლის დაწერა დაიწყო, თუ ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბიომარინთან, როდესაც მე პირად საუბარში შევეკითხე რა მოგწერათ ბიომარინმა, რა ვქნა პასუხს აგვიანებს, თქვენსავით ვერ მოვაწყვე აქციებიო - ასე დამცინა კიდეც, თურმე ჩვენ აქციები გვსიამოვნებს და ვოცნებობთ, რომ აქციები მოვაწყოთ.
თუ პრემიერი აცხადებს მზაობას, რომ ფინანსები არის მაშინ რა არის პრობლემა, გამოვიდეს, ქვეყნის პირველი პირია, პრეზიდენტმა გვითხრა, სამწუხაროდ, მე არ ვარ გადამწყვეტი პირიო. ერთი კვირის წინ ყველანაირი გზა მოგვეჭრა, რომ ჩვენ იმედი გვქონოდა, მაგრამ არ გავჩერებულვართ, ჩვენ ვერ გავჩერდებით, ჩვენ ვართ მართალი.
გაბუნიაც, ჯანდაცვის მინისტრიც საუბრობენ ორაზროვნად, არა კონკრეტულად, ალბათ, ისინიც პრემიერისგან ელიან გადაწყვეტილებას და შემდეგ იტყვიან კონკრეტულ ნაბიჯს. არაფერია სასიხარულო თუ საბჭოში შემიყვანეს, საბჭოში გასაგებია, მთავარია მედიკამენტი როდის შემოვა. ჩვენც გონივრულად გვაქვს გადაწყვეტილი, ამას უნდა ექიმების დატრენინგება, ამას უნდა დრო, კი ბატონო, იყოს 2 თვე, 3 თვე, თუმცა 2 და 3 თვე ჩემი შვილისთვის და იმ ბავშვებისთვის, ვისაც ზედა ზღვარი აქვს, უკან გადადგმული უამრავ წელია, კიდევ დაველოდები 13 წელი თუ დავდიოდი, ამ შრომას წყალში ვერ ჩავყრი. მოეგეთ გონს, ნუ გვტანჯავთ, მაინტერესებს, რას ითხოვთ, აუცილებლად ვიღაც უნდა მოკვდეს? რომ მერე გამოვიდეს მთელი საქართველო? რატომ ვართ ცოტა, სად არიან დედები, მამები, ამაზე დიდი ტანჯვა რა არის? დღეს თუ ჩვენ და ჩვენი შვილები დავმარცხდით კი ბატონო, ავიკრავთ გუდა-ნაბადს წავალთ, მთელი საქართველო წახვალთ საზღვარგარეთ? რატომ არ ხართ ჩვენთან ერთად, რატომ ტირით ტელევიზორებიდან, აქ მოდით და გვერდში დაგვიდექით", - თქვე ქეთევან ბეგიაშილმა.
ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა იმართება.
წელიწადზე მეტია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ქვეყანაში შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანასა და მთავრობისგან დაფინანსებას ითხოვენ. ერთ კვირაზე მეტია ისინი კანცელარიასთან ღამეებს ათევენ და პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა ამ დრომდე მთავრობიდან მშობლებს არავინ დაკავშირებიათ.
24 აპრილის მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ წამლის დაფინანსების პრობლემა ქვეყანაში არ დგას, რადგან საუბარია დაახლოებით 10 მილიონზე. თუმცა მთავრობა ამ ნაბიჯს ჯერ არ გადადგამს, რადგან მას პრეპარატის შემოსატანად დამატებითი სამედიცინო მტკიცებულებები სჭირდება.