"ბიზნესები, რომლებიც სანქციების დარღვევით რუსეთში ელექტრო საქონელს გზავნიან, რულეტს თამაშობენ" | ობრაიანი

გამოქვეყნდა:

"რულეტს თამაშობენ ბიზნესები, რომლებიც სანქციების დარღვევით რუსეთში ელექტრო საქონელს გზავნიან" - ამბობს შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორი ჯიმ ობრაიენი "ამერიკის ხმასთან". მისი თქმით, რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

მისივე თქმით, გასული წლის ბოლომდე ეს კანონიერი ვაჭრობა იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ამ პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესეს, ეს სანქციების საფუძველი გახდება.

"კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. მათ შეიძლება იციან, ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ" - განაცხადა მან.

როგორც მან აღნიშნა, სანქციების პოტენციური დამრღვევები "ფრთხილად უნდა იყვნენ და თავიდან აიცილონ ამ სახის ვაჭრობა". ობრაიანის თქმითვე, პირდაპირი ეკონომიკური გავლენის გარდა, რუსეთზე დაწესებულ სანქციებს ქვეყნის მომავალზე გრძელვადიანი გავლენა ექნება.

"ვფიქრობ, შევდივართ პერიოდში, როდესაც ახალი ტექნოლოგიების კრებული გლობალურ ეკონომიკას შეცვლის. ამაში შედის ხელოვნური ინტელექტი, კვანტური გამოთვლები, მწვანე რევოლუცია, ციფრული რევოლუცია, მიიღწევები ბიოინჟინერიაში. ვფიქრობ, ეს იქნება ეკონომიკური ზრდის შემდეგი დიდი ტალღის საფუძველი, ისევე როგორც ორთქლი იყო 250 წლის წინ. რუსეთი ამ სექტორებში მოთამაშე არ არის. მისი უნიჭიერესი ხალხი ქვეყნიდან მიდის, ბევრი მათგანი, მაგალითად, საქართველოში თუ სხვაგან. ხუთი, ათი წლის შემდეგ რუსეთს რომ შევხედოთ, ვფიქრობ, რუსეთისთვის შედეგი ძალიან სავალალო იქნება. ჩვენი გათვლებით, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ამ ათწლეულის ბოლომდე 20%-ით ნაკლები იქნება ვიდრე ის საქნციების გარეშე იქნებოდა" - განაცხადა ობრაიანმა.

ამასთან, მან ისაუბრა საქართველოს მხრიდან სანქციების დაცვის სხვა ასპექტებზეც და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან აშშ სისტემატურად მუშაობს ყველაზე მეტად მგრძნობიარე ნივთების იდენტიფიცირებასა და მათი ექსპორტის შეჩერებაზე.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი