"ოცნების" კანდიდატები და კასტინგი "ზონდერებზე" - მმართველი გუნდი არჩევნებისთვის ემზადება

გამოქვეყნდა:

მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, დაასახელა კანდიდატები და კასტინგი გამოაცხადა ზონდერებზეც - ძალადობა, დაშინება და შანტაჟი ამ არჩევნებზე ივანიშვილის მთავარი დასაყრდენი იქნება. 

ფირუზ წულუკიძე "მთავარ არხს" იმ მიმოწერას აჩვენებს, რაც მის ძმასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის მამას შორის შედგა. სწორედ ამ მიმოწერით დგინდება, რომ ორი ათასი ლარი რეზო წულუკიძემ დავით რიჟვაძესთან გარიგების შემდეგ მიიღო. ამას ადასტურებს ხმოვანი შეტყობინებებიც. 

დავალება მარტივი და ნათელი იყო. მოჭიდავე ძმებ წულუკიძეებს პირდაპირ უთხრეს, რომ მათ კუნთმაგარი მეგობრები უნდა შეეგროვებინათ. არჩვენებამდე კამპანიაში მიეღოთ მონაწილეობა არჩევნების დღეს კი "ქართულ ოცნებას" მათი უხეში ძალა სჭირდებოდა. 

პირველი შეხვედრა და პირველი შეთანხმება რიჟვაძეებთან შედგა და ამის სანაცვლოდ ძმებმა წულუკიძეებმა 2-2 ათასი ლარი მიიღეს. თანხა მათ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა. თუმცა შემდგომი შეხვედრები ვეღარ შედგა. მძიმე არტილერიის გამოყენების სცენარი მოულოდნელად შეიცვალა. წულუკიძეების სამეგობრო აჭარაში ერთ-ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუპირისპირდა. თორნიკე რიჟვაძის მამა, რომელიც აჭარის პოლიციის სამმართველოში მუშაობს საქმეში ჩაერთო და მომხდარის მიჩქმალვას ცდილობდა, როდესაც პოლიციის სამმართველოს უფროსთან თბილისის მერმა, კახი კალაძემ დარეკა და ნათლად გააგებინა, რომ ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის მისი სიმპათიებიც და მხარდაჭერაც კრიმინალებისკენ იხრებოდა.  

ერთ-ერთი დაკავებული ფირუზ წულუკიძის ძმაა და ბუნებრივია რიჟვაძეებთან ყველანაირი მოლაპარაკება ამით დასრულდა. 

პასუხების მისაღებად ბრალდებების ადრესატს "მთავარმა არხმა" სამსახურში მიაკითხა. მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის მამა აჭარის პოლიციის სამმართველოში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. დიდხანს გვალოდინეს და მერე გვითხრეს, რომ რიჟვაძე შვებულებაში იყო. შვებულებაში გასული დავით რიჟვაძე, არც სახლში დაგვხვდა. ამიტომ კითხვის დასმა მისი შვილის თორნიკე რიჟვაძესთვის გადავწყვიტეთ. მით უმეტეს, რომ მძიმე არტილერიის მობილიზებას მამა შვილის საარჩევნო კამპანიისთვის ახდენდა. 

კანონისთვის პასუხების გაცემამდე თორნიკე რიჟვაძემ "მთავარი არხის" დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა და მეჩეთის ტერიტორია სწრაფად დატოვა. ამიტომ საკითხში უკეთ გასარკვევად მტავრობის სხდომაზე მივედით. იმედი გვქონდა, რომ სხდომის დასრულების შემდეგ აჭარის მთავრობის მეთაური მედიასთან გამოვიდოდა. თუმცა რიჟვაძე ისევ დაიმალა. თორნიკე რიჟვაძის მისაღებში შესვლა წარმოუდგენელი აღმოჩნდა. კარები შიგნიდან ჩაკეტეს. რიჟვაძე დაიმალა. 

საკუთარ კაბინეტში ჩაკეტილ თორნიკე რიჟვაძეს უშედეგოდ ველოდებოდით. რაში სჭირდებოდა მას კუნთმაგარი სპორტსმენების მობილიზება არჩევნების დღეს ამ კითხვაზე მისგან პასუხი ვერ მივიღეთ. სამაგიეროდ გვიპასუხა ოპოზიციამ. ნაციონალურ მოძრაობაში დარწმუნებულები არიან, რომ "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნების დღეს კორცხელის გამეორებას აპირებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ფირუზ წულუკიძე მასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ღიად საუბრობს არც ერთი საგამოძიებო უწყება ამ ამბით არ დაინტერესებულა. ღია ბრალდებების მიუხედავად მისი გამოკითხვა არ მომხდარა. ეს არის მხოლოდ ერთი ფაქტი, როდესაც სპორტსმენმა "ქართული ოცნების" მიერ მისი დაქირავების შესახებ პირდაპირ განაცხადა. სავარაუდოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ შეთანხმება ბოლომდე ვერ შედგა და მმართველმა პარტიამ უპირატესობა კრიმინალურ ავტორიტეტს მიანიჭა. არავინ იცის რამდენი ასეთი შეთანხმება არსებობს კიდევ, რომელი რეგიონების სპრტსმენები არიან უკვე დარაზმულები არჩევნების დღეს კორცხელის გასამეორებლად და ოპონენტების, პირდაპირი მნიშვნელობით, საცემრად. 

შეგახსენებთ, რომ რეზო წულუკიძე, რომლიც რამდენიმე თვის წინ ბათუმში, ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, ამბობს, რომ მას სჯიან იმის გამო, რომ ხელისუფლებას დახმარებაზე უარი უთხრა. წულუკიძემ 17 ივლისს სასამართლო სხდომაზე, მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა და ე.წ. კანონერ 
ქურდებზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა კონსპირაციული შეხვედრის დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა.

რეზო წულუკიძესთან ერთად დააკავეს ელდარ ანთაძეც. გამოძიებამ მათ ბრალი ჯგუფურად ხულიგნობის მუხლით წაუყენა. ბრალი წარუდგინეს მეორე მხარეს მყოფ სამ პირსაც, თუმცა ისინი წინასწარ პატიმრობაში არ არიან.

ცნობისთვის, 17 ივლისს, ფირუზ წულუკიძემ, გადაცემაში "დღის სტუმარი" მოჰყვა, რომ თბილისის მერმა, აჭარის პოლიციის უფროსს, კოტე ანანიაშვილს დაურეკა და უთხრა, რომ მოჭიდავე ქვეყნიდან წასულიყო, გაჩუმებულიყო და მხოლოდ ასე მოგვარდებოდა დაპირისპირება მასსა და ქურდულ გარემოცვას შორის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი