მოძრაობა "სირცხვილია" “ევროპელი სოციალისტებისა” და “ალტ-ინფოს” სახელით დაანონსებულ კანონპროექტთან დაკავშირებით წერს, რომ ის რუსულ პრაქტიკას იმეორებს და მიმართულია ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ.
"მარტში ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა მათივე მართული პარტიის, “ხალხის ძალის” ინიცირებულ რუსულ კანონს, რომელიც პირდაპირ უსპობდა საქართველოს ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების შანსს.
საზოგადოების ძლიერი პროტესტის ფონზე, ხელისუფლებას უკან დახევა მოუწია, თუმცა, ამჯერად, “ევროპელი სოციალისტებისა” და “ალტ-ინფოს” სახელით ანონსდება ახალი კანონპროექტი, რომელიც, ასევე, რუსულ პრაქტიკას იმეორებს და მიმართულია ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ.
თუ მარტში ხელისუფლება “გამჭვირვალობის” საბაბით “უცხოურ აგენტებს” ებრძოდა, ახლა სამთავრობო პროპაგანდა ცდილობს, საზოგადოება კვლავ მოატყუოს და ახალი კანონპროექტი მხოლოდ უმცირესობებს დაუკავშიროს, თუმცა, ის ნებისმიერი მოქალაქის სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს.თუ ხელისუფლება ამ კანონს მხარს დაუჭერს:
• საქართველოში აიკრძალება ნებისმიერი შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც “ომის ან ძალადობის პროპაგანდის” ნიშნებს შეიცავს. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს უკრაინის მხარდამჭერი აქციები.
• აიკრძალება შეკრება ან მანიფესტაცია, თუ მმართველი პარტია გადაწყვეტს, რომ ის რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის დისკრედიტაციას ემსახურება, ან რწმენას ეწინააღმდეგება.
დამრღვევი პირი დაჯარიმდება 3000 ლარით ან დაისჯება პატიმრობით 25 დღემდე, განმეორების შემთხვევაში კი მოქალაქეს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კანონპროექტი წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, ის რუსული კანონის ანალოგია, რომელსაც პუტინმა 2013 წელს მოაწერა ხელი. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება საბოლოოდ გააქრობს საქართველოს ევროინტეგრაციის შანსს.
რუსეთის გარდა მსგავსი კანონი მოქმედებს უნგრეთში, ნიგერიაში, უგანდასა და ინდონეზიაში." აცხადებს "სირცხვილია"
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეში პარლამენტი ალტ-ინფოს კანონპროექტის განხილვას დაიწყებს. რადიკალური ძალადობრივი და პრორუსული დაჯგუფება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვას ითხოვს. როგორც კანონპროექტის განხილვის პროცედურის დოკუმენტშია აღნიშნული, მისი განხილვის სავარაუდო თარიღი 2023 წლის 5 მაისია.