
"პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღემდე ვერ ახერხებს, პარლამენტს ცესკოს წევრობის კანდიდატები წარუდგინოს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი საუბრობს და "საარჩევნო კოდექსსა" და რეგლამენტში შესატან ცვლილებებს ეხმაურება.
ოხანაშვილის თქმით, დღევანდელი საკანონმდებლო რეგულირება აბსურდულია.
"უპრეცენდენტო და აბსურდულია საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც დღეს არსებობს და მაღალი რანგის თანამდებობის პირების 6 თვის ვადით არჩევას ითვალისწინებს. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას მსგავსი ჩანაწერი არ აქვს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს საკანონმდებლო ჩანაწერი ვერ ფუნქციონირებს.
დღემდე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს, სრულად დააკომპლექტოს ცესკოს წევრობის კანდიდატები და წარუდგინოს პარლამენტს. რამდენჯერმე გამოაცხადეს კონკურსი. ამ კონკურსში არ შეიტანეს საბუთები და კონკურსი ჩაიშალა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული სამართლებრივი მოწესრიგება პრაქტიკაში ვერ მუშაობს. ეს არის უპრეცედენტო რეგულირება, რომელიც თავის დროზე კომპრომისის სახით და იმ დათქმით მივიღეთ, რომ პრაქტიკაში დავაკვირვებოდით, იმუშავებდა თუ - არა.
დავთმეთ და ვთქვით, რომ შეიძლება, ასეთი ჩანაწერი არსებობდეს. პრაქტიკაში ამ რეგულაციამ ვერავითარი სწორი ფუნქციონირება ვერ უზრუნველყო და ხარვეზების მეტი არაფერი გამოავლინა. საბოლოოდ, მივედით იქამდე, რომ საჭიროა გამართული საკანონმდებლო ჩანაწერის არსებობა" - თქვა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, "საარჩევნო კოდექსსა" და რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის პრეროგატივა პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.