კობახიძეების ოჯახში დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა - რა მოხდა გარდაბანში?

გამოქვეყნდა:

კობახიძეების ოჯახში დაწყებული სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. 50 წლამდე კობა კობახიძეს სასიკვდილო ჭრილობები საკუთარმა შვილმა  ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევა გარდაბნის რაიონში, სოფელ ახალსოფელში მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული კახა კობახიძის დედა  აცხადებს, რომ მისმა შვილმა მამა მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ საკუთარ თავს, არასრულწლოვან ძმას და დედას იცავდა.

მოკლულის მეუღლე და მკვლელობისთვის დაკავებულის დედა  დეტალურად ყვება ოჯახში განვითარებულ მოვლენებს  და ამბობს რომ  მისი ქმარი სახლში სისტემატურად ნასვამი მიდიოდა და ცოლ-შვილს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და მოკვლით ემუქრებოდა.  ერთ-ერთი ასეთი ფაქტი მოხდა გუშინაც, მეზობლებთან დახმარების სათხოვნელად გასულ ქალს სახლში დაბრუნებისას ქმარი მოკლული დახვდა. 

სამართალდამცავებმა ოჯახში არსებული ძალადობის  და კონფლიქტის შესახებ მხოლოდ  მკვლელობის შემდეგ გაიგეს.  

კობახიძეების მეზობლები ამბობენ, რომ მათი სახლიდან ჩხუბის და კამათის ხმა ხშირად გამოდიოდა, მიზეზი  მამაკაცის ალკოჰოლდამოკიდებულება  იყო.  მეზობლების მტკიცებით  აფექტურ მდგომარეობაში მყოფი კაცი ოჯახს განადგურებით ემუქრებოდა.  

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მამის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 21 წლის ბიჭი დანაშაულს აღიარებს. არსებული ინფორმაციით ის სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.დაკავებული ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მოკლულის ოჯახის წევრებმა პოლიციას ჩვენებები უკვე მისცეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბიჭს ოფიციალურ ბრალს უახლოეს საათებში წარუდგენენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი