
კლინიკა "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი ზურა ჩხაიძე ამბობს, რომ მისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან დარწმუნებულია, რომ მის კლინიკაში შერჩეული მკურნალობის ტაქტიკა სწორია.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას პენიტენციურ დაწესებულებაში ზურა ჩხაიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მსგავსი რეკომენდაცია ექიმების მიერ იქნება გაცემული, მაშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში დაბრუნდება.
რაც შეეხება იმ ექიმების პოზიციას, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნას წერდნენ, ისინი ამბობენ რომ სამედიცინო დასკვნაში ყველა არგუმენტი სრულად არის წარმოდგენილი და ამ პერიოდის განმავლობაში გაცემული ყველა დასკვნა ასახავს როგორ მძიმდებოდა პროგრესულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ასევე, ექიმები ამბობენ რომ ყველა შემთხვევაში მათი პროგნოზები გამართლდა და სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა არის მძიმე, იმ შემთხვევაში კი თუ იუსტიციის სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას და ამჟამინდელ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს დააბრუნებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეს პაციენტისთვის სიკვდილის განაჩენის ტოლფასი იქნება.
მიხეილ სააკაშვილის კლინიკა ვივა მედში გასული წლის 12 მაისს გადაიყვანეს, მას შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმებისადა ოჯახის წევრების შეფასების მძიმდება. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ორმა დამოუკიდებელმა კონსილიუმმა კრიტიკული დასკვნა მოამზადა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში იყო ჩართული 10-მდე უცხოელი სპეციალისტი და პროფესორი.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლაზე. ამის შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა.
იუსტიციის მინისტრმა არც ის გამორიცხა, რომ ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტი უკან - ციხეში შეაბრუნოს.
უფლებადამცველები ბრეგაძეს მანიპულაციაში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ ევროპული სასამართლო საქმის მოკვლევას განაგრძობს.