
იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით, სხვა სამკურნალო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
განცხადება სტრასბურგში, მესამე პრეზიდენტის საჩივართან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სამკურნალოდ გადაყვანა სხვა დაწესებულებაში“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი 10 აპრილს გაიგზავნა. ინფორმაცია კი მეორე დღეს გახდა ცნობილი.