უკრაინა გაიმარჯვებს, მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია დანებებით - იტალიის პრემიერი

გამოქვეყნდა:

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვებს. ამის შესახებ მელონიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რომ ის აღდგება კიდევ უფრო ძლიერი და აყვავებული. უკრაინის მომავალი მშვიდობისა და თავისუფლების მომავალია და ეს არის ევროპული მომავალი, სხვა გამოსავალი არ არსებობს", - თქვა მან.

როგორც მელონიმ აღნიშნა, რომი პარტნიორებთან ერთად უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის მუშაობას გააგრძელებს.

"მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია მარცხით, დანებებით. ეს იქნება ძალიან საშიში ევროპაში მშვიდობისთვის და იქნება პრეცედენტი მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ მშვიდობას მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, როცა რუსეთი შეწყვეტს საომარ მოქმედებებს და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას. ჩვენ გავაგრძელებთ მოსკოვის მიმართ მოწოდებას, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან", - თქვა მან.

ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მელონიმ ასევე განაცხადა, რომ იტალია მზადაა უკრაინას გაუწიოს ნებისმიერი სახის დახმარება, როცა კიევი საჭიროდ ჩათლის რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას. "ჩვენ მხარს ვჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის 10-პუნქტიან სამშვიდობო ფორმულას", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში დღეს, 13 მაისს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს. დაგეგმილია შეხვედრა რომის პაპთანაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი