გოგი თოფაძეს დღეს გამოკითხავენ - ბუსა ჟვანიას და ლევან თოფაძეს შორის დაპირისპირების საქმე

გამოქვეყნდა:

რა გახდა ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას შვილსა და ბიზნესმენ და ყოფილ პარლამენტარ გოგი თოფაძის შვილიშვილს შორის სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი - ამ თემაზე დღეს გამოძიების კითხვებს ბიზნესმენი და მისი ოჯახის წევრები უპასუხებენ. გოგი თოფაძეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ელოდებიან. დაპირისპირების ორივე ფიგურანტი ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობს. ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია. 

ლევან თოფაძეს მძიმე ოპერაციის შემდეგ დღეს, პირველად გამოაღვიძებენ. "მთავარის" ინფორმაციით, ბუსა ჟვანიაც ამჟამად კლინიკაში იმყოფება. მის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის ფაქტს საგამოძიებო ორგანოებიც არ ადასტურებენ. გოგი თოფაძის თქმით, დაპირისპირების მომენტში ოჯახის წევრებთან ერთად ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ყოფილი პარლამენტარი ამბობს, რომ კინაღამ მისი მეუღლეც დაიჭრა, რადგან ყვირილის ხმა პირველად სწორედ მან გაიგონა. 

ბუსა ჟვანიასთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ. პროკურატურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს მტკიცებულებების გამყარება. 

გამოკითხვები ამ საქმეზე უკვე დაიწყო, დაპირისპირების ერთ-ერთი თვითმხილველი, ზუკა აბაშიძე გუშინვე გამოკითხეს.   

შეგახსენებთ, რომ სისხლიანი გარჩევა ბიზნესმენისა და "ოცნების" ყოფილი დეპუტატის გოგი თოფაძის სახლში, 2 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. გამომძიებლებს დაჭრილი ლევან თოფაძე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯერ არ დაუკითხავთ. საქმეში თოფაძეს ჯერ დაზარალებულის სტატუსიც არ აქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი