"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ 5 თვე გავიდა მას შემდეგ რაც დაცვის მხარემ უზენაეს სასამართლოში საჩივარი შეიტანა, თუმცა მოსამართლეთა პალატა ამ დრომდე არაა დაკომპლექტებული.
"უზენაეს სასამართლოში დაახლოებით 5 თვეა გასული ჩვენს მიერ საჩივრის შეტანიდან და ამ 5 თვის განმავლობაში დღემდე ვერ ვეღირსეთ პალატის დაკომპლექტებას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უბრალოდ უარს გვეუბნებიან მართლმსაჯულების განხორციელებაზე", - თქვა დიტო საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, ხვალ 16 მაისს ნიკა გვარამიას პატიმრობიდან 1 წელი გავა. გასულ წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა - მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ადვოკატებმა საჩივარი უზენაეს სასამართლოშიც შეიტანეს, თუმცა უზენაესში საქმის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.
ნიკა გვარამიას პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციაში, ისე დასავლელი პარტნიორები. ევროპარლამენტარებმა საქართველოს მთავრობას გვარამიას გათავისუფლებისკენ არაერთხელ მოუწოდეს. გარდა ამისა, მათი ადრესატი არაერთხელ ყოფილა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც, თუმცა ამ დრომდე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას პატიმრობაზე განცხადება არ გაუკეთებია. დასავლეთში კი ხაზგასმით ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობას უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გათავისუფლებისთვის შექმნილია "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობაც". ხვალ, 16 მაისს, მოძრაობა უზენაეს სასამართლოსთან აქციას გამართავს.