პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, მას უკვირს, რისთვის უნდა უნდოდეს ადამიანს პარლამენტში მუშაობა, თუ ის ხმას არ ამოიღებს, კანონპროექტზე არ იმუშავებს, პრობლემებზე არ ილაპარაკებს. ეს შეფასება მან არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს 21 დეპუტატს ხმა საერთოდ არ ამოუღია.
სულ მიკვირს, რა არის მაშინ ის, რისთვისაც შეიძლება გინდოდეს პარლამენტში მუშაობა, თუ არ გამოდიხარ სიტყვით, თუ არ მუშაობ კანონპროექტზე, თუ არ მუშაობ პრობლემებზე. მე ესე ვუყურებ ამ ინსტიტუტს, რომელიც საპარლამენტო ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, სადაც ყველაზე მეტად უნდა ჩანდეს ხალხი, მისი პრობლემები, მისი წუხილები, ამ ყველაფრის გადაჭრის გზები, - თქვა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე 21 დეპუტატს სიტყვის გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია. აღნიშნული 21 დეპუტატიდან 18 "ქართული ოცნების" წევრია.
დეპუტატების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.