მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ჩანაწერები ამოღებულია - კობახიძე "აზიმუტზე"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "მნიშვნელოვანი ჟესტია", რომ რუსულმა ავიაკომპანია Azimuth-მა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო. 

კობახიძემ მოქალაქეების კრიტიკას, სპეკულაცია უწოდა და თქვა, რომ სპეკულაციის საფუძველი არ არსებობს.

"თავისთავად მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ეს ჩანაწერები ამოღებულია ვებგვერდიდან, ეს ერთი, სპეკულაციისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვინც ცდილობს, რომ რაღაცნაირად აჟიოტაჟი შექმნას ამ საკითხის გარშემო, ისინი არიან ნამდვილი სპეკულანტები. ცდილობენ სპეკულაციას იქაც კი, სადაც სპეკულაციის არავითარი საბაბიც კი არ არსებობს. თქვენ გახსოვთ, რომ სწორედ ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ამ ადამიანებმა შემოიარეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში და დღეს ეს ადამიანები სპეკულირებენ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსული საავიაციო კომპანია, Azimuth Airlines, რომელსაც საქართველოში ფრენის უფლება მიეცა, საკუთარ ვებგვერდზე დროებით ოკუპირებულ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" ჰქონდა მონიშნული. აღნიშნულს სოციალურ ქსელში მოქალაქეების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც, ავიაკომპანიამ  რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, "დამოუკიდებელი ქვეყნების" სიიდან ამოიღო

15 მაისს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა. 

15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა.  სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. მათივე ცნობით, კომპანია კვირაში 7 რეისს შეასრულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი