გოგი თოფაძე მის სახლში საგამოძიებო მოქმედებების დროულად ჩატარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

თოფაძეების სახლში, იმ ოთახში, სადაც სისხლიანი დაპირისპირება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ ჩატარებულა. ბიზნესმენი გამოძიებას თხოვნით მიმართავს, რომ დროულად მოხდეს სახლის დათვალიერება, სადაც, მისი თქმით, ბევრი მტკიცებულება და სისხლის კვალია. გოგი თოფაძეს, რომელიც დღეს გამოკითხვაზე იყო დაბარებული, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ორ დღეში მივლენ. 

თოფაძის განმარტებით, დღეს ის პოლიციაში არა გამოკითხვისთვის იყო მისული, არამედ საგამოძიებო ორგანოებისთვის გამოძიების დაჩქარების თხოვნით. თოფაძის თქმით, დღეს სავარაუდოდ, პოლიციაში განყოფილებაში ლევან თოფაძის ორ მეგობარს დაიბარებენ. ბიზნესმენი არ აკეთებს კომენტარს თემაზე, თუ ვინ დაჭრა ზურაბ ჟვანიას შვილი და ეჭვს გამოთქვამს, არის თუ არა ის საერთოდ დაჭრილი. 

როგორც ჩანს, ერთერთი ამ სამიდან, იცნობდა იმ კაცს, ვინც ეს ჩაიდინა და დაურეკია და მოსვლა მინდა მანდო, იმ კაცს, იმ ქალბატონთან, რაღაც ძველი, წარსული რაღაცეები ჰქონდა. ამოვარდა ჩემი მეუღლე, დაინახა, რომ სისხლშია ბავშვი, დაიწყო კივილ-წივილი, მაშინ ამოვედით ჩვენ, ის უკვე გაქცეული იყო, - ამბობს თოფაძე. 

ლევან თოფაძეს ცივი იარაღით ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული, მისი მდგომარეობა უკვე სტაბილური, თუმცა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების თქმით, ბუსა ჟვანია ქირურგიულ დეპარტამენტში მკურნალობს. 

ბუსა ჟვანიასთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ. პროკურატურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს მტკიცებულებების გამყარება. 

გამოკითხვები ამ საქმეზე უკვე დაიწყო, დაპირისპირების ერთ-ერთი თვითმხილველი, ზუკა აბაშიძე გუშინვე გამოკითხეს.   

შეგახსენებთ, რომ სისხლიანი გარჩევა ბიზნესმენისა და "ოცნების" ყოფილი დეპუტატის გოგი თოფაძის სახლში, 2 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. გამომძიებლებს დაჭრილი ლევან თოფაძე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯერ არ დაუკითხავთ. საქმეში თოფაძეს ჯერ დაზარალებულის სტატუსიც არ აქვს. 

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი