
"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებელი ქვეყნების" სიიდან ამოღება, პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებაა.
"მარტო იმისთვის ღირდა ამ ფრენების აღდგენა და დათანხმება, დავარქვათ თუნდაც დათანხმება, სპეციალურად ვუტრირებ, რომ რუსულ კომპანიებს ჩაეედითებინათ, ანუ ჩაესწორებინათ და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სამხრეთ ოსეთად და ცალკე რეგიონად აღარ მოეხსენიებინათ, მარტო ამისთვის ღირდა. და როცა ჩვენ ვამბობთ, რომ პრაგმატული პოლიტიკა არის ამ ქვეყნის და მისი გაერთიანების მომავალი, სწორედ ასეთ რაღაცებსაც ვგულისხმობთ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, რუსული საავიაციო კომპანია, Azimuth Airlines, რომელსაც საქართველოში ფრენის უფლება მიეცა, საკუთარ ვებგვერდზე დროებით ოკუპირებულ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" ჰქონდა მონიშნული. აღნიშნულს სოციალურ ქსელში მოქალაქეების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც, ავიაკომპანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, "დამოუკიდებელი ქვეყნების" სიიდან ამოიღო.
15 მაისს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.
15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა. სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. მათივე ცნობით, კომპანია კვირაში 7 რეისს შეასრულებს.