ქოლ-ცენტრების საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ისკო დასენის ოჯახია დაკავშირებული - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის, ისკო დასენის ოჯახია დაკავშირებული.

პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ვაშაძე 6 მაისს, თბილისში, აღმაშენებლის N75-ში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სპეცოპერაცია „ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ მისი და უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას გასაშავებლად გამოიყენა და მათი „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირება სცადა.

ვაშაძემ მომხდარს „ სუს-ის მიერ დაგეგმილი ოპერატიული ლეგენდა“ უწოდა.

„13 აპრილს ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას „ლაიონ 7“, რომელიც იმ დღესვე ქირაობს ფართს აღმაშენებლის 75-ში, სადაც სხვა სართულზე ჩემი ძმა ფლობს 10 ნომრიან სასტუმროს და კითხვა ჩნდება ვინ არის მიხეილ არახამია, რომელიც აორთქლდა და გაქრა საერთოდ საქართველოდან. მიხეილ არახამიას ცოლი, ქეთევან თედორაძე გახლავთ მალხაზ ამოიანის კომპანიის, შ.პ.ს „რუმსის“ დირექტორი , თავის მხრივ, მალხაზ ამოიანი დასენების კლანთან ერთად, ჩაჩი დასენთან ერთად ფლობს „ბლექ სი როქს“ ასეთ კომპანიას, „ქოლ-ცენტრს“, რომელიც ძარცვავს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, პირველ რიგში, ევროპელ პენსიონერებს. 

ჩაჩი დასენი გახლავთ კომპანია „ვიპ ტრეიდის“ დირექტორი, რომლის მეწილეები 2020 წლამდე იყვნენ ტიტალ დასენი და კნიალ დასენი, ასევე არტურ არაბიანი, ეს ადამიანები გახლავთ ისკო დასენის ოჯახის წევრები, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის. 

ჩაჩი დასენი აქაურმა პროკურატურამაც კი მისცა პასუხისგებაში ფულის გათეთრების გამო, ვეღარ დაიმალა იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ ადამიანს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისკო დასენი და დასენების ოჯახი უარყოფს კავშირს, თითქოსდა 2020 წლიდან კავშირი არ აქვს ჩაჩი დასენთან, არადა მათი სხვა კომპანიის, შ.პ.ს „მისო ლიდერის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბატონი გიორგი გოგუაძე, ამ წლის 24 აპრილის ჩათვლით გახლდათ „ვიპ ტრეიდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ანუ აი, ამ დასენების კლანის მიერ შექმნილი თაღლითური სქემის, მთავარი, დედაკომპანიის წევრი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის ბრალდება პარლამენტის სხდომაზევე უარყო  ისკო დასენმა - „სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს, არანაირი ურთიერთობა არასდროს არ გვქონია „ქოლცენტრებთან“ და საერთოდ ამ დანაშაულებთან“ - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

„ვაცხადებ, რომ  არცერთს ამ დასახელებული პირებიდან არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრები არ იცნობენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშაძის ოჯახის წევრი მონაწილეობდა ამ დანაშაულის ჩადენაში. დღევანდელი განცხადებით ვაშაძე ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ყველამ ვიცით, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ. დრო ყველაფერს გვაჩვენებს და დადგინდება, ვის მიერაა ჩადენილი ეს დანაშაულები. ვაშაძეს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, არც აქვს და ვერც წარმოადგენს“, -განაცხადა ისკო დასენმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი