უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვერ ვხედავ მათ ადგილს ფრაქცია ენმ-ში - წითლიძე 5 დეპუტატზე

გამოქვეყნდა:

ენმ-ის დეპუტატის, ანი წითლიძის თქმით, ის არგუმენტები, რაც იმ თანაფრაქციელებისგან მოისმინა, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, "ოცნების" ფავორიტ კანდიდატებს დაუჭირეს მხარი, არასერიოზული იყო. განცხადება წითლიძემ ენმ-ის ფრაქციის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც სწორედ ამ საკითხზე მსჯელობენ და არ არის გამორიცხული, 5 დეპუტატს ფრაქციაც დაატოვებინონ.

"მოვისმინე მათი არგუმენტები, მაგრამ ჩემთვის ეს არგუმენტები არის მიუღებელი და მე ვთვლი, რომ არასერიოზული იმიტომ, რომ საქმე ეხება ვიღაცამ შეცდომით მიაჭირა ხელი, ვიღაცამ ეს არ იცოდა, ვიღაცამ რამდენიმე კანდიდატს მისცა, ვიღაცამ იმას არ მისცა, ეს არგუმენტები არის ძალიან არასწორი. საუბარი არის საქართველოს პარლამენტის წევრებზე, რომლებსაც პასუხისმგებლობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით აქვთ. ჩემი პირადი პოზიციაა, ფრაქციამ უნდა იმსჯელოს, როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა, მაგრამ ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მე პირადად ვერ ვხედავ მათ ადგილს ფრაქცია ენმ-ში" ამბობს წითლიძე.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი ოპოზიციასთან მოლაპარაკების გარეშე  დაამტკიცა. საკითხი კენჭისყრაზე ისე გაიტანეს, რომ კანდიდატებზე პარტიებთან შეთანხმება ვერ შედგა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა, თუმცა ფარულ კენჭისყრაში კანდიდატებმა 90- ზე მეტი ხმა მიიღეს მაშინ, როდესაც "ოცნების" უმრავლესობას სულ 84 ხმა აქვს. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ შეთანხმებულები იყვნენ "ოცნების" ფავორიტი კანდიდატებისთვის მახარი არ დაეჭირათ. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, რომ არჩეულ კანდიდატებს ხმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს.  

კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. იქამდე კი მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი