სულაბერიძეზე თავდასხმა ჩვენთან დაკავშირებული არ არის - "დინამო თბილისის" განცხადება

გამოქვეყნდა:

ფეხბურთის კლუბი "თბილისი დინამო" თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის მისამართით რამდენიმე დღის წინ განხორციელებული სროლის ინციდენტს გამოეხმაურა. 

კლუბი თავის განცხადებაში წერს, რომ ინფორმაცია, თითქოსდა სულაბერიძეზე მომხდარი თავდახმნა "დინამო თბილისის" წილების თაობაზე მიმდინარე დავასთანაა დაკავშირებული, სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, კლუბი არც სასამართლო დავაშია ჩართული, რომელიც თითქოსდა, ორი ინსტანციის სასამართლოში საფეხბურთო კლუბის საწინააღმდეგო შედეგით დასრულდა. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის წილებთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს რაიმე სახის სამართლებრივი ან კომერციული დავა არც საქართველოში და არც რომელიმე სხვა ქვეყნის იურისდიქციაში. ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან, საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი არ არის ჩართული რაიმე სახის სასამართლო დავაში, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს წილების გადანაწილებას ან კლუბის მიმართ რაიმე უფლებების განხორციელებას. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი ან მისი პარტნიორები ჩართული არიან სასამართლო დავაში, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა, არ შეესაბამება სინამდვილეს, - ვკითხულობთ განცხადებაში. 

"დინამო თბილისის" განცხადებაში ნათქვამია, რომ კლუბი სრულად არის კონცენტრირებული საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებზე.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს წყნეთის გზატკეცილზე, კაკლების დასახლებასთან ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. სულაბერიძეს ინციდენტის დროს დაზიანება არ მიუღია. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ თავდასხმის განხორციელების ბრალდებით ირაკლი ღლონტი დააკავა და მას ამჟამად წინასაწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. მას პროკურატურა ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებას ედავება.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი