
"დღევანდელი ისტერიკის ფონზე, [ფრაქციაში] დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი გახდა", - ამის შესახებ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა სოციალურ ქსელში პარლამენტის ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით წერს:
არაფერია ამ ქვეყანაზე ისეთი, რომელიც არ გაცხადდება. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა დროთა განმავლობაში და არ მგონია, დიდი დრო დასჭირდეს დღევანდელი ფაქტის რეალური მიზეზების გამომჟღავნებას. არ შეესაბამება სიმართლეს, ამ კენჭისყრასა და პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შორის რაიმე კავშირი არსებობდეს. მითუმეტეს, კომუნიკაცია არც ადრე , არც დღეს და არც ბოლო პერიოდში არ მქონია ქართულ ოცნებასთან და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ფაქტორად ვთვლი, მხარეებს შორის თუნდაც უკიდურესად დაპირისპირებულთა შორის, კომუნიკაციის აუცილებლობას, იმ ვითარებაში, როცა ოპონენტს რუსეთთან ურთიერთობაში ადანაშაულებ, აქ ღრმა თანამშრომლობას გამოვრიცხავ!
ისიც ფაქტია, რომ მთავარი მიზეზი დღევანდელი მოვლენების იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვერშემდგარი შეთანხმება, ავადსახსენებელ საბჭოში, ოპოზიციისთვის ადგილის დათმობისა. „ოცნება“ კვლავაც ხელისგადაგრეხვის პრინციპით მოქმედებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფაქტი ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთბვისაც მხოლოდ კენჭისყრის მიმდინარეობის დროს გახდა ცნობილი. იყო ნახსენები სხვადასხვა გვარები, ვიზედაც ხმის მიცემა დასაშვებად მიაჩნდათ სხვადასხვა ოპოზიციურ ლიდერს, მაგრამ საუბარი კენჭისყრის ბოიკოტირებაზე იმ წუთამდე, სანამ შევწყვიტეთ კენჭისყრა და დავტროვეთ დარბაზი არ ყოფილა. როგორც კი ცხადი გახდა ჩემთვის, რომ ოპოზიციამ ვერ მიაღწია შედეგს იმ კომუნიკაციაში, რომელშიც მე არ ვიღებდი მონაწილოებას და შესაბამისად, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი, მე შევწყვიტე კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო მოგვიანებით, საერთოდ დავტოვე დარბაზი.
გარიცხვაზე საუბარი, ცოტა არ იყოს, არასერიოზულად მეჩვენება, ადამიანების მხრიდან, რომლებმაც დიდი ხნით ადრე, პირადად ჩემგან იცოდნენ ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ისე, რომ ამას ოპოზიციური ერთობისთვის ხელი არ შეეშალა. იმის გამო, რომ ჩემი ეს გადაწყვეტილება მათ მაინცდამაინც მისაღებად არ მიაჩნდათ , მე არ ვჩქარობდი ნაბიჯების გადადგმას, თუმცა დღევანდელი ისტერიკის ფონზე, დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი გახდა. სუბიექტური ადამიანების და მათ შორის ოპოზიციონრების გარდა, ვისაც სურს რომ დღევანდელი დღე, მხოლოდ შიდაოპოზიციური კონკურენციის საბაბად გამოიყენოს, ისინი ალბათ კიდევ მრავალგზის გამოამჟღავნებენ საკუთარ თავს, მაგრამ ვისაც რეალურად სურს დაამარცხოს ოცნება, მას უნდა ემსოდეს, რომ ოპოზიციური ერთობა გაუგებრობების, თუნდაც ჩემი კოლეგების მხრიდან შეცდომადაც კი მონათლული ქმედების მიუხედავად, და მე მას უფრო გაუგებრობას დავარქმევდი, ოპოზიციური კონსოლიდაცია მრავალფერობნების გათვალისწინებით გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ამას დრო გამოაჩენს, - წერს ქარდავა.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი ოპოზიციასთან მოლაპარაკების გარეშე დაამტკიცა. საკითხი კენჭისყრაზე ისე გაიტანეს, რომ კანდიდატებზე პარტიებთან შეთანხმება ვერ შედგა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა, თუმცა ფარულ კენჭისყრაში კანდიდატებმა 90- ზე მეტი ხმა მიიღეს მაშინ, როდესაც "ოცნების" უმრავლესობას სულ 84 ხმა აქვს. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ შეთანხმებულები იყვნენ "ოცნების" ფავორიტი კანდიდატებისთვის მახარი არ დაეჭირათ. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, რომ არჩეულ კანდიდატებს ხმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს.
კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. იქამდე კი მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).
კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.