დღეს ჩავატაროთ ფორმალური კენჭისყრა, შემდეგ 4 კანდიდატზე კონსულტაციები გავიაროთ - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციასა და უმრავლესობას სთავაზობს დღევანდელ კენჭყისრყაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ არცერთ კანდიდატურას მხარი არ დაუჭირონ და კონსულტაციებისთვის დრო დაიტოვონ.

მისი თქმით, კონსულტაციები შემდეგ კენჭისყრამდე უნდა გაიმართოს.

"ჩვენი მიზანი არ არის პოლიტიკურად მიკერძოებული კანდიდატების არჩევა, რაც გამოვლინდა სამწუხაროდ ამ კონსულტაციების საფუძველზე მეორე მხრიდან. ჩვენი მიზანი იყო კეთილსინდისიერი, კომპეტენტური კანდიდატების არჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ასე წარიმართებოდა პროცედურა, თუმცა თქვენ ნახეთ რა მოხდა გუშინ. [...] მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დაგვჭირდება კონსულტაციები იმ 4 კანდიდატის გარშემო, რომელიც არის დარჩენილი, ახლა არის მეორე ტური, შემდეგ გაიმართება 2 კვირაში მესამე ტური, სადაც ასევე კენჭი ეყრება იგივე კანდიდატებს, რომლებიც დღეს არის წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე ჩემი შემოთავაზება იქნებოდა, რომ დავიტოვოთ დრო კონსულტაციებისთვის, შემდეგი 10 დღე კონსულტაციებისთვის, რეგლამენტის მიხედვით, 2 კვირაში უნდა ჩატარდეს მესამე ტური, შემდეგი კენჭისყრა, მანამდე გავიაროთ კონსულტაციები ამ 4 კანდიდატის გარშემო, რომელიც არის წარმოდგენილი, დღეს ჩავატაროთ ერთგვარი ფორმალური კენჭისყრა", - თქვა კობახიძემ.

მან უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა არცერთ კანდიდატს დღეს მხარი არ დაუჭირონ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სულ 5 არამოსამართლე წევრია ასარჩევი. გუშინ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. აღნიშნულს დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის დეპუტატების ნაწილმა ხმა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატებს მისცა.

ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად "მეორე ტური" უნდა გაიმართოს, რომელშიც სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას - რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი