ჩვენ არც იურისტები ვართ და არც ექიმები, მაგრამ ვიცით, რომ ეს საქმე პოლიტიკურიც არის - დიპლომატები მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, ბრეგაძეს შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

იუსტიციის სამინისტროში მინისტრ ბრეგაძისა და დიპლომატების შეხვედრა დასრულდა. მას 5 ელჩი და 18 დიპლომატიური უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და მთავარი საკითხი მიხეილ სააკაშვილის საქმე იყო. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა დიპლომატებმა აღნიშნეს, მათ აინტერესებდათ როგორც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისე სამართლებრივი მხარე.

შეხვედრისას საუბარი შეეხო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი უთხრა. 

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან, რომლისგანაც მივიღეთ ბოლო ინფორმაცია ბატონ სააკაშვილის საქმესთან და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საუბარი იყო მეგობრული, როგორც ყოველთვის და ბევრ საკითხს ნათელი მოეფინა. ჩვენი მთავარი საზრუნავია, რომ საქართველო უნდა იყოს კანონის უზენაესობის ერთგული და დაიცვას ყველა მოქალაქის უფლება, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება." თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ, საბერძნეთის ელჩმა.

მედიასთან კომენტარი გააკეთა უნგრეთის ელჩმაც. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურიცაა და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა პატიმარზე:

"ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია იყო. ჩვენ არც იურისტები ვართ და არც ექიმები, მაგრამ ვიცით, რომ ეს საქმე პოლიტიკურიც არის. თუმცა, პოლიტიკაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, ამაზე თქვენ, ჟურნალისტებმა და ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ჩვენ უბრალოდ ვისურვებდით, რომ საქართველომ იზრუნოს თავის ყველა პატიმარზე, მიუხედავად იმისა, ის პოლიტიკოსი იყო თუ არა. ქვეყანაში უნდა იყოს კანონის უზენაესობა და ჩვენ მინისტრისგან მივიღეთ გარანტიები, რომ ეს ასეც იქნება." განაცხადა უნგრელმა დიპლომატმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი