
დღეს19 მაისს, 13:50 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია Azimuth Airways-ის პირველი რეისი დაეშვება. პირველ რეისს მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ე.წ დელეგაციაც ჩამოჰყვება, რომლის შემადგენლობაში ის პრორუსი შუამავლები არიან, ვინც რუსეთთან ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღდგენაზე მუშაობდნენ.
მათ შორისაა პრორუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტი ვალერი კვარაცხელია, რომელიც ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
"19 მაისს, 13 საათსა და 50 წუთზე თბილისის აეროპორტში დაეშვება ისტორიული თვითმფრინავი, რეისით - A 4851. ჩვენს ძვირფას თანამემამულეებთან ერთად ამ პირველი რეისით ჩამოვფრინდებით დელეგაციის წევრებიც, ვისმა დაძაბულმა დიპლომატიურმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. ამიერიდან ბედნიერად იფრინეთ უვიზოდ და პირდაპირი რეისებით! ღმერთი ფარავდეს ერთიან და თავისუფალ საქართველოს!" - წერს ვალერი კვარაცხელია.
ცნობისთვის, კვარაცხელია იყო ერთ-ერთი, ვინც გასული წლის დეკემბერში მოსკოვში, რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობით გამართულ იმ ფორუმში მონაწილეობდა, სადაც საჰაერო და უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე მსჯელობდნენ.
სწორედ ვალერი კვარაცხელიას შვილია იმ ახალი კომპანიის მეწილეც, რომელიც სპეციალურად რუსული ავიარეისების მომსახურებისთვის 2023 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.