ტერიტორია, სადაც გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს, ამ დრომდე დალუქულია. თოფაძეებმა გამოძიებას ჯერ კიდევ გუშინ, 3 აგვისტოს მიმართეს თხოვნით, დროულად ამოეღოთ ამ ადგილიდან ნიმუშები ექსპერტიზისთვის, რადგან სათავსს, რომლის გავლაც მათ ყოველდღიურად უწევთ, ამ დრომდე მათი შვილიშვილის სისხლის კვალი ატყვია. თხოვნის მიუხედავად, ტერიტორია ისევ დალუქულია და იქ არც ექსპერტიზისთვის მისულა ვინმე.
დაჭრილი ლევან თოფაძის მამამ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დეტალები არ იცის, რადგან მისთვის ამ ეტაპზე შვილის ჯანმრთელობაა პრიორიტეტული. იგი შვილის მეგობრებს არ შეხვედრია და ამ თემაზე არ უსაუბრია.
ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმების თქმით, ორიდან ერთ-ერთ პაციენტს მალე გაწერენ, თუმცა მედიკოსები არ აზუსტებენ, კონკრეტულად რომელ პაციენტზეა საუბარი. თუმცა, სავარაუდოა, რომ ეს ბუსა ჟვანიას ეხება.
ბუსა ჟვანიას ბრალი ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წარუდგინეს. პროცედურა ხეჩინაშვილის კლინიკაში ჩატარდა, სადაც ზურაბ ჟვანის შვილი 2 დღეა მკურნალობს. პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს და ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე დღესვე იმსჯელებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბუსა ჟვანიას 7-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებულის ადვოკატი სავარაუდოდ, ირმა ჭკადუაა, რომელიც მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უკვე 3 დღეა უარს აცხადებს. ირმა ჭკადუა გუშინ, 3 აგვისტოს გვიან ღამით ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა.
ყოფილი პრემიერის შვილი თავდაპირველად შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა.
ბუსა ჟვანიასა და გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს შორის დაპირისპირება, რასაც თოფაძის დაჭრა მოჰყვა, 2 აგვისტოს გამეთენიისას, თოფაძეების საცხოვრებელ სახლში მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, ჟვანიამ შელაპარაკების ნიადაგზე, თოფაძეს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილის მდგომარეობა მძიმე იყო. მას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ჟვანიაც, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მთელი დღის განმავლობაში ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში თოფაძეების ოჯახის წევრები იკითხებოდნენ. საღამოს კი ბიზნესმენმა და ყოფილმა დეპუტატმა, გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჟვანიები მოლაპარაკებას სთავაზობდნენ, რაზეც თოფაძემ კატეგორიული უარით უპასუხა და თქვა, რომ დამნაშავემ ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხი უნდა აგოს.