"ჩვენი შვილები უდანაშაულოდ წაიყვანეს, მანქანა მესამე პირმა მოიყვანა" - მკვლელობის ახალი დეტალები ქვემო ქართლიდან

გამოქვეყნდა:

ქვემო ქართლში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძმების ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მათი შვილები ამ საქმესთან კავშირში არ არიან და პოლიციას კითხვები ძებნილ მესამე პირთან უნდა ჰქონდეს. 

მათივე თქმით, გატაცებული მანქანა, რომელიც დაკავებულების ავტოსახელოსნოში იქნა აღმოჩენილი, სწორედ ძებნილმა მესამე პირმა მიიყვანა.

"ჩვენი შვილები უდანაშაულოდ წაიყვანეს. ორივე ხელოსანია და არ იციან რომელი მანქანა იყო, ან საიდან მოიყვანეს. ჩემი ინფორმაციით, მანქანა მესამე პირმა მოიყვანა, რომელიც ახლა იძებნება. რაც წავიდა, იმის მერე გაქრა არ მოსულა. ორივე დაკავებული სულ სახლში იყო და როგორ ჩავიდოდნენ თბილისში. ორი დღე სახლი ალყაში იყო იმდენი პოლიციელი იყო მოსული. ძმები გუშინ დააკავეს, ერთი 23 წლისაა მეორე კი 16 წლის.  მშობლები განადგურებულები არიან ამ ფაქტით. ეს უსამართლობაა. წავიდნენ და იმ ძებნილ პირს ჰკითხონ  თუ რა მოხდა სინამდვილეში," - ამბობს დაკავებული ძმების დედა.

ძებნილი პირის მამისა და ძმის ცნობით კი კაცი სახლში 18 მაისის შემდეგ არ იმყოფება.

"ჩემი ბიჭის სახელი ფიგურირებს ამ საქმეში და რატომ არ ვიცი. პოლიცია ხომ იყო მოსული და მათ გაარკვიონ თუ რა მოხდა. სახლში 18 მაისიდან არ იმყოფება, საქმეზეა წასული. როგორც ვიცი თურქეთში  წავიდა. არ ვიცი როდის დაბრუნდება," - ამბობს ძებნილი კაცის მამა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ეძებს სოფელ კირხალის მკვიდრს, რომელიც მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ორ ადგილობრივს ცხედრის გადამალვაში დაეხმარა. 

მკვლელობა 20 მაისს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მარნეულის სამმა მცხოვრებმა თბილისიდან ტაქსი გამოიძახეს, მოგვიანებით კი ტაქსის მძღოლი მოკლეს, კაცის ცხედარი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, მდინარე დებადასთან დამარხეს. 

მანქანა კი ავტოსახელოსნოში წაიყვანეს და კვალის დაფარვის მიზნით, მისი ნაწილებად დაშლა დაიწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუქნტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი