განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის, ბუსა ჟვანიას მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროცესი საქალაქო სასამართლო 5:00 საათზე დაიწყება. ბუსა ჟვანიას, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟს, ბრალი ედება განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ის ხეჩინაშვილის კლინიკიდან სასამართლოს შენობაში ცოტა ხნის წინ წაიყვანეს.
ბუსა ჟვანიას კლინიკის დატოვებისას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ასევე უკომენტაროდ დატოვა შენობა გოგი თოფაძემაც.
ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, თუმცა სანამ ის რეანიმაციაში იმყოფება, სამართალდამცველები მის გამოკითხვას ვერ მოახერხებენ. მედიკოსთა თქმით, იგი მალე ქირურგიულ განყოფილებაში გააგრძელებს მკურნალობას.
თავდაპირველად, ყოფილი პრემიერის შვილი შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა. თუმცა მოგვიანებით მას ბრალი დაუმძიმდა და მის წინააღმდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობაზე გადაკვალიფიცირდა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბუსა ჟვანიასა და გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს შორის დაპირისპირება, რასაც თოფაძის დაჭრა მოჰყვა, 2 აგვისტოს გამეთენიისას, თოფაძეების საცხოვრებელ სახლში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ჟვანიამ შელაპარაკების ნიადაგზე, თოფაძეს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილის მდგომარეობა მძიმე იყო. მას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.