"ქართული ოცნების" დეპუტატი და დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი ყველა პარტიას მოუწოდებს წესები დაიცვან, განსაკუთრებით კი, მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა. ეს შეფასება მან არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის კვლევასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელის ანგარიშშიც წერია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი გამოვლინდა.
დავიცვათ წესები, ყველა პარტიას მოვუწოდებ და განსაკუთრებით "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩასაფრებულ პოზიციაში და ნებისმიერი, მცირედი გადახვევაც კი იქნება შეფასებული გაცილებით უფრო მწვავედ, ვიდრე ამას შინაარსი გულისხმობს, - თქვა გია ვოლკსიმ.
ISFED-მა 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში დღეს, 4 აგვისტოს წარადგინა. ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 5 ივლისამდე დაიწყო.