ე.წ. კოკაინის საქმეზე გასამართლებული ანასტასია ზაუტაშვილი თავისუფალია. მან ციხე სპეციალური სამაჯურით, ვადაზე ადრე დატოვა.
ანასტასია ზაუტაშვილი 4 ადამიანთან ერთად, 2010 წელს, კოლუმბიიდან დიდი რაოდენობით კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს და 30 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
2012 წლის ამნისტიით კი ზაუტაშვილს სასჯელის ვადა 12 წლამდე შეუმცირდა. ციხიდან ის 2022 წელს უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი, ზაუტაშვილმა ციხე დატოვა.
შსს-მ მაშინ ფარული ჩანაწერიც გაავრცელა, სადაც ანასტასია ზაუტაშვილი ქილერს კურიერის ლიკვიდაციაზე ესაუბრება.
ანასტასია ზაუტაშვილის ყოფილი ადვოკატი, დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძეა. ნიკოლაძე ამავე დროს, გედევან ფოფხაძის პარტიის წევრიცაა; მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ 12 ივლისს გახდა ცნობილი.
mtavari.tv-ის ზაუტაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მირიან ნიკოლაძემ დაუდასტურა:
ვიცი, რომ გამოვიდა სამაჯურით, მაგრამ არ კონტაქტობს ჟურნალისტებთან და იქნებ დავაცადოთ მშვიდი ცხოვრება, ძლივს შვილების ნახვას ეღირსა. გაუწიეთ ანგარიში - უპასუხა ნიკოლაძემ "მთავარს" მოკლე ტექსტური შეტყობინებით.