დააკმაყოფილდება თუ არა ადვოკატების შუამდგომლობა, რომ არასრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ დევნა შეწყდეს - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს, 5 აგვისტოს მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო პროცესი განახლდება. არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატი გურამ ამირხანაშვილისა და ვახო ახვლედიანის ჩვენებების საქმიდან ამოღებას ითხოვს. ბრალდებულ ლ.შ. -ს ადვოკატი კი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები ირღვევა, რადგან დაკავებულს ადვოკატთან კომუნიკაციის შესაძლებლობა საერთოდ არ აქვს.
შაქარაშვილის საქმეში 6 არასრულწლოვანს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, მათი საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.
ადვოკატი ზაქრო გვიშიანი ამბობს, რომ ბრალდება ყველა უფლებადამცველის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს.
ძალიან უცნაურია ის ფაქტი, რომ ეს მტკიცებულებები მთლიანობაში არის ბრალდების მხარის მოპოვებული მტკიცებულებები, ჩვენც გვაინტერესებს. იმედი მაქვს ნული, რადგან წინა სასამართლო სხდომაზე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, - ამბობს იგი.
ვახო ახვლედიანის ადვოკატი კახა წერეთელი ამბობს, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან.
თუ დაუშვებლად იქნება ცნობილი, აღარ გამოცხადდება სასამართლო პროცესზე, თუ დაუშვებლად იქნება, გამოცხადდება. ასევე იყო საუბარი, რომ ეს იყო წინააღმდეგობრივი ჩვენებები, არ არის არანაირი წინააღმდეგობრივი ჩვენება, უბრალოდ გარკვეული გარემოებები მან დააზუსტა ბოლო გამოკითხვისას, - განაცხადა წერეთელმა.
27 ივლისს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11 სრულწლოვნის პირველი სასამართლო გაიმართა, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ. მოსამართლე მაია ოშხარელმა 11-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ამ სხდომაზე 11-დან 8 დაკავებულმა წარდგენილი ბრალდება უარყო. ორმა საბურთალოელმა, საბა ჩხარტიშვილმა და საბა გოგშელიძემ კი დუმილის უფლებით ისარგებლეს, ხოლო ბრალი ნაწილობრივ აღიარა ირაკლი წაქაძემ.
31 ივლისს კი სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსივე არასრულწლოვანიც წინასწრ პატიმრობაში დატოვა.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.