
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია "სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს" შეხვდა და აქციაზე, მართლწესრიგის დაცვაზე ისაუბრა.
„ვავალებ სამართალდამცავ ორგანოებს, იმოქმედონ კანონის მკაცრი დაცვით, გამოირიცხონ შესაძლო სამართალდარღვევები და პროვოკაციები, ხოლო მათი წარმოშობის შემთხვევაში მიიღონ სამართლებრივი ზომები“, - განაცხადა ბჟანიამ
შეგახსენებთ, სოხუმში საპროტესტო აქცია ე.წ. მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ამ წუთებში მიმდინარეობს.
რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემის, რუსეთის მოქალაქეების მიერ მიწების მასიურად შეძენისა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის გამო მოქალაქეები სოხუმის ქუჩებში არიან გამოსულები. სეპარატისტული რეგიონის ოპოზიცია ე.წ. ხელისუფლებას აფხაზეთის ინტერების ღალატში სდებს ბრალს და "მთავრობის" დათხოვნას ითხოვს.
პარალელურად სოხუმის ქუჩებში ე.წ. სამართალდამცველები სპეცტექნიკით არიან მობილიზებულები, ბარიერებია აღმართული ადმინისტრაციულ შენობებთან. ე.წ. პრეზიდენტის მხარდამჭერები "ოპოზიციის" პარალელურად კონტრაქციას მართავენ.