პრემიერმინისტრმა ილაპარაკა სრული სიმართლე, ზელენსკიც იძახდა, რომ ნატოს გულიზე ჩვენ ომს დავიწყებთ, არ დავიხევთ უკან - გომელაური

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ბრატისლავაში პრემიერმინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ის რაც ღარიბაშვილმა ილაპარაკა, სიმართლეა.

გომელაურის თქმით, მსოფლიო ლიდერები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტიც, იმავეს ამბობდა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომი NATO-ს გამო დაიწყო.

"ვინ რა თქვა საერთაშორისო პარტნიორებმა მე არ ვიცი, არ მიყურებია ნამდვილად, თუმცა არიან ამოფარებული ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ, თუმცა ხშირად გვლანძღავენ ხოლმე. ვუსმინე, რა თქმა უნდა, ბატონ პრემიერმინისტრს, ილაპარაკა სრული სიმართლე და ეს ახალი არ იყო, მე მგონი, პირველად არავის გაუჟღერებია, თვით ბატონი ზელენსკიც იძახდა ამას, რომ ნატოს გულიზე ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკან. ვითომ პირველად თქვა ბატონმა ირაკლიმ, ვითომ, ისეთი რაღაც შეფუთეს სამწუხაროდ. ეს არაერთხელ უთქვამთ, მსოფლიო ლიდერებს, დიდი სახელმწიფოს ლიდერებს და იგივე გაიმეორა ბატონმა პრემიერმა და სიმართლე თქვა, რასაც იმეორებდნენ სხვები, დიდი ლიდერები, მათ შორის, ბატონი ზელენსკი. ჭიანჭველასგან სპილოს შექმნას ცდილობს ოპოზიცია და სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

შს მინისტრი ამბობს, რომ პრემიერმა, ბრატისლავას სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საზღვრის 600 კილომეტრიან მონაკვეთზე საუბრისას იგულისხმა საზღვარი, რომელიც საქართველოს რუსეთთან აქვს, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით:

"შეიძლება 540 იყოს...საქართველოს ოფიციალური საზღვარი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ვსაუბრობთ, მთლიან ოფიციალურ საზღვარზე განაცხადა პრემიერმა, რაცაა ოფიციალური საზღვარი რუსეთთან და არა ოკუპირებული ტერიტორიები და ვთქვათ გორთან გამავალი საოკუპაციო ხაზი", - თქვა გომელაურმა.

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა მორიგი ანტიდასავლური და პრორუსული განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

ღარიბაშვილის განცხადებებს პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა, რის გამოც პაპუაშვილმა Twitter-ზე ვრცელი განცხადება გაავრცელა. პაპუაშვილი ამტკიცებდა, რომ ღარიბაშვილის განცხადებები დამახინჯებულად და ინტერპრეტირებულად გავრცელდა. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთს აკრიტიკებდა და წერდა, რომ "უფლება აქვთ ეჭვქვეშ დააყენონ ზოგიერთი მეგობრის კრიტიკა და დამოკიდებულება, რადგან საქართველოს მიმართ ბევრჯერ უსამართლო, თითქმის ფარისევლური მოპყრობა ჰქონდათ". 

განცხადებაში პაპუაშვილი კანდიდატის სტატუსის არმიღებაზე პასუხისმგებლობას ისევ დასავლეთს აკისრებდა და წერდა, რომ "საქართველოს ყველა მცდელობის მიუხედავად, შევიდეს ნატოსა და ევროკავშირში, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი