78 გარდაცვლილი და 4 000-ზე მეტი დაშავებულია ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად - ლიბანში დღეიდან 3 დღის განმავლობაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული. დედაქალაქში კი მასშტაბური აფეთქების შედეგებს ითვლიან. საავადმყოფოებში დაშავებულების მიღებას ვეღარ ახერხებენ.
ბეირუთში ძლიერი აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, იქ სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია. დანგრეულია შენობები, ჩამსხვრეულია ფანჯრები და ჩამონგრეულია აივნები. ლიბანის პრეზიდენტმა ქვეყანაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაიწყო შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობის მობილიზაციაც. სამხედროებს უსაფრთხოების დაცვა და დაზარალებულ რაიონებში პატრულირება დაევალათ.
ჯერჯერობით უცნობია აფეთქების ზუსტი მიზეზი. არსებობს ვერსიაც, რომ აფეთქება, შესაძლოა, უბედური შემთხვევაც ყოფილიყო. ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელა ცნობა, რომ ფეთქებად ნივთიერებას ხანძარი პორტის საწყობში გაუჩნდა.